რატომ არ მივფრინავთ მარსზე?
იანვარი 12, 2013 3 Comments
60-70-იან წლებში არსებობდა მზის სისტემაში მოგზაურობის თამამი ოცნება. მას შემდეგ რაც 1969 წელს ადამიანმა მთვარეზე ფეხი დადგა, ოცნებამ ხორცი შეისხა და მომავალი კოსმოსური მოგზაურობებიც გაცილებით ადვილი წარმოსადგენი გახდა. მითუმეტეს რომ კოსმოსის დასაპყრობად რესურსებს არ იშურებდნენ სუპერ სახელმწიფოები. ეს იყო არა მეცნიერული ცნობისმოყვარეობა, არამედ პოლიტიკა, მაგრამ ამ რბოლამ დიდი სამსახური გაუწია მეცნიერებას და ტექნოლოგიას. სადაც მთვარეზე გადავიდა ადამიანი, ცოტა ხანში მარსზეც დადგავს ფეხს. მაშინდელი წარმოდგენით, ახლა 2013-ში ალბათ კოლონიაც კი უნდა გვქონდეს წითელ პლანეტაზე. მაგრამ რეალობა უფრო მკაცრი გამოდგა. კოლონია თუ არა, პილოტირებულ მისიას რატომ არ ვგზავნით მარსზე? რა პრობლემაა? თუ მთვარეზე შეგვიძლია? საქმე ისაა რომ მარსი გაცილებით რთული მისიაა. ამ პოსტში ვეცდები განვიხილო მარსზე პილოტირებული მისიის მოწყობის მთავარი სიძნელეები, სანამ მთავარ საკითხებს მივადგები განვაგრძობ 1960-იანებიდან – უფროსწორად 1972-დან როცა უკანასკნელი აპოლო 17-ის მისია გაემგზავრა მთვარეზე და მას შემდეგ დაიხურა ეს პროგრამა.